„სიყვარულით სავსე დაბრუნება მშობლიურ წიაღში — ბადრი ამშიკაშვილის ემოციური ვიზიტი ონში“
ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა თბილი და ემოციური პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ ონის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა ჩვენი თანამემამულე — ბადრი ამშიკაშვილი, რომელმაც მოინახულა ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა. ბადრი ამშიკაშვილის სახელი ისრაელში, განსაკუთრებით ბეერშევაში, დიდი სითბოთი და პატივისცემით იხსენიება. იგი ყველასთვის საყვარელი და დაფასებული ადამიანია. სამადლობელო წერილში ხაზგასმულია, რომ ბადრი წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ონის რაიონის კულტურულ ცხოვრებაში. მისი გამორჩეული როლები სახალხო თეატრის სცენაზე მაყურებლის მეხსიერებაში დღემდე ცოცხლობს. სტუმარმა ბიბლიოთეკასა და მის თანამშრომლებს მშვიდობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა — გულწრფელი სიტყვებით, რომლებშიც დიდი სიყვარული და ადამიანურობა იგრძნობოდა. ისრაელში ქართულ-ებრაულენოვანი პორტალი მადლობას უხდის ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკას ამ საჯარო მადლობისა და თბილი დამოკიდებულებისთვის. მსგავსი ყურადღება და დაფასება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს როგორც თავად ბადრი ამშიკაშვილისთვის, ისე ქართველი ებრაელებისთვის ისრაელში. ქართულენოვანი პორტალი ასევე მადლობას უხდის ბადრი ამშიკაშვილს ამ ღირსეული ვიზიტისა და სიკეთისთვის. სიკეთის კეთება გადამდებია, და ეს ოჯახი ამის ნათელი მაგალითია. ისრაელში ბადრი ამშიკაშვილი დღემდე ცნობილია, როგორც ნამდვილი ხელოვანი — მოცეკვავე, მომღერალი და მსახიობი, ადამიანი, რომლის სული ხელოვნებით სუნთქავს და მისი მეუღლე- ლელა მეტრეველი-ამშიკაშვილი კი ბეერშევაში ჯანდაცვის სფეროში მაღალ პოზიციაზე მოღვაწეობს — ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად სხვებზე ზრუნვით ღირსეულად ასრულებს საკუთარ მისიას. ეს ოჯახი სიკეთით ცხოვრობს — და სიკეთე ყოველთვის ბრუნდება.