აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია სამუშაო ვიზიტით ისრაელში იმყოფება
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბათიამში გაიმართა შეხვედრა აფხაზეთიდან დევნილ ქართველ-ებრაელთა დიასპორასთან. შეხვედრისას სოხუმში დაბადებული და გაზრდილი ქართველი ებრაელის — იაკობ ოფირ-ეფრემაშვილის წიგნის პრეზენტაცია მოეწყო: „საქართველოს ებრაელთა ისტორია (საარქივო მასალების მიხედვით)“. მინისტრმა დავით ფაცაციამ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით აღსანიშნავია ბატონი იაკობის როგორც აფხაზეთიდან ებრაელთა იმიგრაციის პირველი თაობის ღირსეული წარმომადგენლის როლი. მისივე თქმით, მსგავსი ფორმატის შეხვედრებს რეგულარული ხასიათი უნდა ჰქონდეს, რადგან ისინი უწყობს ხელს ჩვენი ისტორიული კავშირების შენარჩუნებასა და გაღრმავებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რათა მათ შეძლონ ტრადიციის ღირსეულად გაგრძელება. ღონისძიება გამორჩეული იყო აფხაზეთიდან დევნილი ქართველი ებრაელების ფართო მონაწილეობით. დარბაზში სუფევდა ერთობისა და ამაღლებული განწყობის განსაკუთრებული ატმოსფერო, რაც უდიდეს მნიშვნელობას იძენს როგორც აფხაზეთის საზოგადოებისათვის, ისე მთლიანად ქართულ–ებრაული ურთიერთობების განმტკიცებისთვის. შეუძლებელია არ აღვნიშნოთ ბატონი იაკობ ოფირ-ეფრემაშვილის განსაკუთრებული ღვაწლი ქართულ–ებრაული ურთიერთობების განვითარებაში. მისი ძალისხმევა ფასდაუდებელია ჩვენს თანამემამულეთათვის — არაერთმა აფხაზეთიდან რეპატრირებულმა ოჯახმა სწორედ მისი მხარდაჭერის შედეგად შეძლო ახალ გარემოში ინტეგრაცია და წარმატებული კარიერა . ჩვენი — ქართველებისა და ებრაელების — ისტორიული ბედი მრავალი თვალსაზრისით მსგავსია: საუკუნეების განმავლობაში ბრძოლამ იდენტობისა და თვითგადარჩენისთვის განსაზღვრა ჩვენი ერების სიმტკიცე და ხასიათი. ქართველი ებრაელობა ყოველთვის წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენს. ჩვენი 26-საუკუნოვანი მეგობრობა და ძმობა დამოწმებულია მრავალ ისტორიულ წყაროში. ეს კავშირი განსაკუთრებით ნათლად აისახება ჩვენს უდიდეს სიწმინდეებთან — ქრისტეს კვართთან და სვეტიცხოვლის ტაძართან მიმართებაში. ისტორიული წყაროები ასევე მოწმობს ქართველთა განსაკუთრებულ როლს იერუსალიმში, სადაც მათ ხშირად ებარებოდათ წმინდა ადგილების მფარველობა. ჯვრის მონასტერი ჩვენთვის წარმოადგენს არა მხოლოდ სულიერ ცენტრს, არამედ ეროვნული იდენტობისა და ისტორიული ფესვების სიმბოლოს. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში — სამტრედიაში, ონში, ახალციხეში და სხვა რეგიონებში — ნათლად იგრძნობა ებრაული თემის ისტორიული კვალი. ეს არის ჩვენი საერთო კულტურული საგანძური, რომელსაც დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. გულწრფელ მადლობას ვუხდით ბატონ იაკობს და ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან საერთო ფასეულობებსა და ძმობას. ისრაელში ქართულ-ებრაული საინფორმაციო პორტალისა და ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელების სახელით, მადლობას ვუხდით მინისტრ დავით ფაცაციას ქართველი ებრაელთა თემის მაღალი შეფასებისა და მხარდაჭერისთვის.