საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გრანდიოზული საიუბილეო საღამო გაიმართა
ამ კვირაში საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 78-ე დღისადმი
მიძღვნილი მაღალი რანგის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რომელიც ისრაელის ელჩის, ვალიდ აბუ ჰაია მიერ იყო ორგანიზებული.
საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის წევრები, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, იაკობ გაგულაშვილი, ებრაული თემის წარმომადგენლები, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები და სხვა საპატიო სტუმრები.
ღონისძიება განსაკუთრებული სითბოთი, პატივისცემითა და მეგობრული ატმოსფეროთი გამოირჩეოდა.
ისრაელის ელჩმა, ვალიდ აბუ ჰაიამ, თავის მისასალმებელ სიტყვაში მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნაში მიიღო მონაწილეობა და ხაზი გაუსვა ისრაელის სახელმწიფოს განვითარების საოცარ გზას — პატარა სახელმწიფოდან ძლიერ,
დემოკრატიულ და ინოვაციურ „სტარტაპ ერამდე“, რომელმაც მეცნიერების, მედიცინის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ისრაელსა და საქართველოს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე, რომელიც 2600-წლიან თანაცხოვრებას, ხალხებს შორის ღრმა ურთიერთობასა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება.
წლევანდელი გზავნილი — „განახლების ძალა“ — გახდა სიმბოლო არა მხოლოდ ისრაელის ეროვნული სულისკვეთებისა, არამედ ქართველი და ებრაელი ხალხების მტკიცე პარტნიორობისა და მეგობრობის.
სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართა ალექსანდრე ხვთისიაშვილი, რომელმაც საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული დღე მიულოცა და ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ისრაელში არსებული ქართულ-ებრაული საინფორმაციო პორტალი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ისრაელის ელჩს საქართველოში, ვალიდ აბუ ჰაია, იმ პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობიანი დიპლომატიური საქმიანობისთვის, რომელსაც იგი ყოველდღიურად ახორციელებს.
მისი სწორი, გააზრებული და დაკვირვებული დიპლომატიური მიდგომები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართულ-ებრაული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებასა და გაღრმავებაში, რაც ჩვენი ხალხების საერთო მომავლისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

